top of page

CHARITY

ბიზნესლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ საქველმოქმედო მიზნით 2019 წლის კალენდარი შექმნა.

ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სტუდენტ გოგონებს და გადავცეთ მათ საჭირო სტიპენდიები.

კალენდარი კოლექციონერულია და გამოირჩევა მხატვრული ღირებულებით. კალენდარი გამოქვეყნდა შეზღუდული რაოდენობით - 150 ცალი და ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენს ფედერაციაში.

სიამაყით გვსურს, გაცნობოთ, რომ მხატვარ თინათინ ცხადაძის ცნობილი სერია, სახელწოდებით „ქართული მუქი“, რომელიც გამოყენებულ იქნა 2019 წლის საქველმოქმედო კალენდრის შესაქმნელად, მიზნად ისახავს ქალის შინაგანი სამყაროს და მისი ძლიერი ხასიათის შესწავლას.

თითოეული კალენდრის ფასი 100 აშშ დოლარის ექვივალენტია ლარში. ყოველი კომპანია ან ინდივიდუალი, რომელიც მას შეიძენს და საკუთარ წვლილს შეიტანს ამ კეთილი მიზნის განხორციელებაში, მოხსენიებული იქნება ფედერაციის საქველმოქმედო აქტივობაში და მიიღებს სათანადო დონაციის სერთიფიკატს.


კალენდარი მხატვარ თინათინ ცხადაძის ნამუშევრებითაა გაფორმებული. მხატვრის ცნობილი სერია Georgian Dark ორიენტირებულია სწორედ ქალის შინაგანი სამყაროს კვლევასა და მისი ძლიერი ნატურის წარმოჩენაზე.

ქართულად სერიას “ქართული მუქი“ ჰქვია. ორიოდე სიტყვით რომ წარგიდგინოთ - ნამუშევრებს საკმაოდ ძლიერი გამომსახველობა ახასიათებს. თინათინის მიერ შექმნილ ქალს, თუ კარგად დავაკვირდებით, აქვს ძლიერი ხელები და მუქი თვალები, სწორედ ამიტომ ჰქვია სერიას „ქართული მუქი“. როგორც თავად მხატვარი ამბობს, ეს სიტყვები „იმ მარადიულობის გამომხატველიცაა, „რომელიც ჩვენ გვახასიათებს და ეთნიკურად სულ მოგვყვება“.

თინათინ ცხადაძის ინსპირაცია ყველა ის ქალბატონი იყო, ვისაც ოდესმე შეხვედრია და ვინც დღემდე მის ირგვლივ ტრიალებს.
კალენდრის დიზაინი გრაფიკული დიზაინის სტუდია „აისტუდიოს“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი, დიზაინერი ირინა კაჭარავა ამბობს, რომ მისთვის დიდი სიხარული იყო ისეთი მხატვრის ნამუშევრებთან შეხება, როგორიც თინათინ ცხადაძეა.

ამოცანა, კალენდრის ფუნქციონალურ მხარესთან შეგვეთავსებინა თინათინ ცხადაძის მაღალი არტისტულობით შესრულებული ნამუშევრები, თავისთავად, მარტივი ნამდვილად არ იყო, რადგან ამ შემთხვევაში კალენდარს, საკუთარის მიღმა, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება - დიდი ხელოვნების ილუსტრირება. ესაა ფუნქციისა და ესთეტიკის „შეჯახება“, რა დროსაც ხშირად ერთი მეორეს თრგუნავს. ამ დროს ბალანსის დაცვა კი, თავისთავად, ცალკე ხელოვნებაა. თინათინ ცხადაცის 2019 წლის კალენდარში კი ეს დილემა დიზაინერმა ირინა კაჭარავამ დიდი პროფესიონალიზმით გადაჭრა - ერთის მხრივ, ფუნქციაც შენარჩუნებულია და, ამავდროულად, წინა პლანზე ხელოვნებაა წამოწეული, რომელიც უბრალოდ მარადიულია.

ჩვენი ფედერაციის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის თინათინ ცხადაძის კალენდარი, თავისთავად, კოლექციონერულია და მისი სახით ადამიანი ხელოვნების ძვირფას ნიმუშს იძენს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი შექმნა კეთილ საქმეს ემსახურება - აღსანიშნავია, რომ ფედერაციის გუნდმა კალენდარი საქველმოქმედო მიზნებისთვის, კერძოდ სტუდენტი გოგონებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით შექმნა. კალენდრის რეალიზაციით შეგროვილი თანხა სტიპენდიის სახით გადაეცემათ იმ სტუდენტ გოგონებს, რომლებსაც სამომავლო წინსვლასა და განვითარებაში აუცილებლად ესაჭიროებათ დახმარება.

bottom of page