ბიზნეს კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის საქართველოში

Updated: Sep 21



1. პროექტის მიზანი და მონაწილეობის წესები 1.1. პროექტის “კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის საქართველოში” ორგანიზატორია NOBLET Media CIS (კვიპროსის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია „Noblet Media Limited, საიდენტიფიკაციო ნომრით: HE 173925 (შემდგომში - „ორგანიზატორი“) 1.2. პროექტის “კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის საქართველოში“ პარტნიორია ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, საიდენტიფიკაციო ნომრით: [ს/კ 405068787] (შემდგომში - „პარტნიორი“) 1.3. კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის საქართველოში ხორციელდება კომპანია Visa-ს (International Service Association) მხარდაჭერით, ადგილმდებარეობა: 900 METRO CENTER BLVD FOSTER CITY, 94404, აშშ. (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ვიზა”). 1.4. კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის საქართველოში წარმოადგენს, საჯარო კონკურსს, რომლის განხორციელების წესები და პირობებიც განსაზღვრულია ორგანიზატორსა და პარტნიორს შორის არსებული შეთანხმებით, რაც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. 1.5. აღნიშნული კონკურსი ხორციელდება, She’s Next, Empowered by Visa კამპანიის, მესამე ტალღის ფარგლებში. 1.6. She’s Next, Empowered by Visa ინიციატივის, მესამე ტალღის ფარგლებში, მსოფლიო გადახდების ლიდერი კომპანია Visa, ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ პარტნიორობით აგრძელებს ქალი მეწარმეების გაძლიერებას საქართველოში. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, ან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლი და/ან ხელმძღვანელი. განმცხადებელი პირი (ფიზიკურ ან/და იურიდიული) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იყოს სრულწლოვანი, საქართველოს მოქალაქე. 1.7. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მონაწილეობის მისაღებად, მისამართზე:


https://forms.gle/iaEWHy9N1DuahDa27

ონლაინ სააპლიკაციო ფორმა ასევე გამოქვეყნდება Visa-სა და ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის“, პროექტის მედია პარტნიორის - Marketer.ge ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებში. შენიშვნა: პროექტში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება მხოლოდ 1 ბიზნესიდეა და 1 პირი, რომელიც გათვალისწინებულია 1.6. პუნქტის მიხედვით. 2. პროექტის ეტაპები და მისი განხორციელების წესები 2.1. პროექტის პირველ ეტაპს წარმოადგენს 1.6. პუნქტით განსაზღვრული ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსებისა და მიღების პროცესი, რომელიც დაიწყება ა.წ. 21 სექტემბერს და გაგრძელდება 10 ოქტომბრის ჩათვლით და რომლის შევსებაც შეუძლიათ 1.6 პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს. შენიშვნა: ჟიური შედგება 5 წევრისგან, მასში შედიან ბრენდინგის, ციფრული ტექნოლოგიების, საბანკო პროდუქტების, ინვესტირების, კომუნიკაციების, გაყიდვების, მარკეტინგის სპეციალისტები. ჟიურის არ ჰყავს თავმჯდომარე, მას აკომპლექტებს პროექტის ორგანიზატორი მხარე. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ფარული კენჭისყრის საფუძველზე. ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალურია და ცნობილი გახდება 2.6. (იხ. ქვემოთ) პუნქტის მიხედვით. კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ჟიურის წევრების რაოდენობა არა უგვიანეს 2.2. პუქტში მოცემული თარიღების მიხედვით. 2.2. მიღებული აპლიკაციების შერჩევის ეტაპი დაიწყება ა.წ. 2022 წლის 10 ოქტომბერს და დასრულდება 15 ოქტომბერს. ეტაპი მოიცავს მიღებული აპლიკაციების განხილვასა და გადარჩევას. ჟიურის წევრები შეარჩევენ 10 (ათი) გამარჯვებულ ქალ აპლიკანტს. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს მიღებული სააპლიკაციო ფორმითა და ამავე სააპლიკაციო ფორმით მოთხოვნილი თანდართული დოკუმენტების საფუძველზე. ჟიური მოქმედებს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში და არ არის ვალდებული მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რომელიმე მონაწილეს შეუქმნის უპირატეს მდგომარეობას. 2.3. თითოეული მონაწილის შერჩევის შემთხვევაში ჟიური გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. შერჩევის კრიტერიუმები: 1. ბიზნესის/ბიზნესიდეის ერთ-ერთი კომპონენტი უნდა მოიცავდეს, გაციფრულების ნაწილს; 2. კანდიდატს უნდა გააჩნდეს საკუთარი პროექტის იდეა, საჭირო ხედვა, რომელიც დასაბუთების შემდეგ შეფასდება ბიზნესპერსპექტივად; 3. ბიზნესი/ბიზნესიდეა უნდა იყოს ინოვაციური პროდუქტი – ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, რომელიც არ გულისხმობს სხვა პირის მიერ შემუშავებული ან წარმოებული ინოვაციური პროდუქტის მხოლოდ ესთეტიკურ ცვლილებას; 4. კანდიდატს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს უკვე არსებული ბიზნესის, ბიზნესიდეის შემთხვევებში მიახლოებით ან/და ზუსტი სამიზნე აუდიტორია; 5. ბიზნესი/ბიზნესიდეა უნდა მოიცავდეს სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტს.

შენიშვნა: თითოეული კრიტერიუმი შეფასდება: 5 ქულით ( სადაც 5 - ძალიან კარგია, 0 - ძალიან ცუდი) ქულა 0 (ძალიან ცუდია) - წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ პასუხობს კრიტერიუმს ან ვერ შეფასდება არასრული ინფორმაციის გამო. ქულა 1 (ცუდი) - წარმოდგენილი ინფორმაცია ზოგადად მიემართება კრიტერიუმს და ახლავს გარკვეული სისუსტეები; ქულა 2 (სამართლიანი) - წარმოდგენილი ინფორმაცია პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ არასრულია; ქულა 3 (კარგი) - წარმოდგენილი ინფორმაცია შესაბამისობაშია კრიტერიუმთან, მაგრამ გარკვეული ნაწილი არასრულია; ქულა 4 (ძალიან კარგი) - წარმოდენილი ინფორმაცია მთლიანად შესაბამისობაშია კრიტერიუმთან, მაგრამ შეინიშნება ხარვეზები; ქულა 5 (შესანიშნავია) - წარმოდგენილი წინადადება სრულიად შეესაბამება კრიტერიუმს. 2.4. პროექტის შემდგომი ეტაპი დაიწყება 2022 წლის 17 ოქტომბერს და დასრულდება არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა, რაც მოიცავს შემდეგს: შერჩეული 10 მეწარმე ქალი, Visa-სა და ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“პარტნიორობით, მონაწილეობას მიიღებენ საკონსულტაციო სესიებში, სადაც საშუალება ექნებათ, მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული რეკომენდაციები, როგორ ჩამოაყალიბონ და გააკეთოთ თავიანთი ბიზნესიდეის პრეზენტაცია პოტენციურ ინვესტორებთან უმოკლეს დროში. 10 საუკეთესო ბიზნესიდან, ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩევა 2 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოებს, კერძოდ: 1. პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს 2. მეორე ადგილის მფლობელი მიიღებს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს 2.6. პუნქტის მიხედვით, შერჩეულ 2 გამარჯვებულის შესახებ ონლიან მედია პლატფორმაზე - Marketer.ge განთავსდება ინფორმაცია. 2.5. კონკურსში შერჩეული 10 ქალი კონკურსანტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება როგორც Visa-ს, ასევე პროექტის მედია პარტნიორის Marketer.ge-ს საკომუნიკაციიო არხებში. ასევე ეცნობებათ აპლიკაციაში წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე. 2.6. ტრენინგის გავლის შემდეგ, შერჩეული 10 (ათი) კანდიდატი წარადგენს თავისი ბიზნეიდეის პრეზენტაციას (Visa Elevator Pitch-ის ფორმატში, 90 წამის განმავლობაში) ჟიურის წინაშე, ფიზიკურ შეხვედრაზე, საპრეზენტაციო ფორმატში.მათგან ჟიური, პრეზენტაციებისა და ამავე პუნქტში, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩევს 2 (ორი) გამარჯვებულს. შერჩევის კრიტერიუმები: 1. პრეზენტაციის პროცესში, თითოეული მონაწილის გამოსვლა შეფასდება საკონსულტაციო სესიებზე მიღებული ცოდნის დონით; 2. მიცემული დროის, 90 წამის, პერიოდში წარდგენილი საკუთარი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემით; 3. უკვე არსებული ბიზნესის ან/და ბიზნესიიდეის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ჩამოყალიბებული გარკვევით, მკაფიოდ და 2.3. პუნქტში ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში. 2.7. კონკურსში შერჩეული 2 კანდიდატის შესახებ ინფორმაცია განთავსდება მედია პარტნიორის - Marketer.ge-ს საკომუნიკაციო ქსელებში, ასევე ეცნობებათ აპლიკაციაში წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე. 2.8. თითოეულ მონაწილეს პრეზენტაციის გასაკეთებლად მიეცემა მაქსიმუმ 90 წამი, ხოლო კითხვა-პასუხისთვის 5 წუთი.

პრეზენტაციების ფორმატი: ფიზიკური შეხვედრა

დროისა და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას მონაწილეები მიიღებენ წინასწარ, სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.